ახალი ამბები
წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კამპანიას "ნუ მოჭრი ნაძვს" საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მათ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხის გამოყენებისკენ.

"წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სააგენტო წერს, წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, რეალიზაციისა და იმპორტირების შემთხვევაში კი, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.

რაც შეეხება კერძო საკუთრებაში მოპოვებულ ხე-მცენარეებს, უწყებაში განმარტავენ, რომ მათი ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.


Print