ახალი ამბები
აფხაზეთში რუსეთის არჩევნებისთვის ემზადებიან - სოხუმი
სოხუმში აცხადებენ, რომ "ყველა საჭირო პირობას" შექმნიან, რათა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მცხოვრებმა, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებმა, მონაწილეობა მიიღონ რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
შესაბამისი დავალება აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. პრემიერ - მინისტრს ალექსანდრ ანქვაბს და პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აბესალომ კვარჩიას მისცა.

"ჩვენ სრულად უნდა მოვემზადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, რათა მივაღწიოთ ამომრჩეველთა ყველაზე მეტ რაოდენობას აფხაზეთის ტერიტორიაზე", - აღნიშნა ბჟანიამ, 19 დეკემბერს, ქალაქისა და რაიონის ე.წ. გამგეობების ხელმძღვანელებთან, ასევე რუსეთის "საელჩოს" წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მან ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ "აფხაზეთის ხალხი დიდ პატივს სცემს და თანაგრძნობას ავლენს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ", იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასსი" წერს, რომ "აფხაზეთის 130 ათასზე მეტ მოქალაქეს აფხაზეთის მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეობაც აქვს და მანამდე ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტისა და სახელმწიფო დუმის არჩევნებში".

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პუტინის განცხადების შემდეგ ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ავტორიტეტი, გამოცდილება და ლიდერობა "აუცილებელია სამართლიანი მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოსაყალიბებლად, გლობალური უმრავლესობის პოზიციის გასამყარებლად". მან ვლადიმირ პუტინს "სულიერი სიმტკიცე უსურვა გლობალურ უსამართლობასთან ბრძოლაში".

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთის კონსტიტუციაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებებით, რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, არჩევნებში მეხუთედ შეუძლია მონაწილეობა.  

მოსკოვმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა"  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცნო. გარდა რუსეთისა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ნაურუმ აღიარეს.


Print