ახალი ამბები
2023 წელს საქართველო რუსეთის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა - შსს
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების სტატისტიკური მაჩვენებელი აღემატება შემოსულთა რაოდენობას.

ამავე ინფორმაციით, გასულ წელს, ქვეყანაში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ტერიტორია კი 1 887 223-მა პირმა დატოვა.

სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ბოლო - მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო საქართველოდან გასული მოქალაქეთა რაოდენობა 359 030 იყო.

ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობით, პირველი ადგილი თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა, რუსეთის ფედერაციამ კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

შსს-ს მონაცემებით, საზღვრის კვეთის მიხედვით, ქვეყნების პირველ ექვსეულშია: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.

Print