ახალი ამბები
ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა აიკრძალება
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტში საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ცხოველების შეყვანაზე ცვლილებები შედის.

კერძოდ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის აკრძალვის ნიშანი, შინაური ცხოველის შეყვანისთვის მეპატრონე ან მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარით.

პროექტის მიხედვით, ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე მეპატრონე ან მფლობელი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში კი 300 ლარით.

ფინანსური სანქციები ასევე ეხება შინაური ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას, შინაური ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევას; შინაურ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას.

რაც შეეხება ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე შინაური ცხოველის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანას, დაისჯება 150 ლარით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში 300 ლარით.

ამავე საკანონმდებლო პროექტზე დაყრდნობით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა სამეზობლოს უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

აღნიშნული სახის სამართალდარღვევა ითვალისწინებს 300 ლარით დაჯარიმებას.


ამავე თემაზე:

ცხოველების მიტოვებაზე ჯარიმები დაწესდება, სანქციებია გათვალისწინებული კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლებაზეც

Print