ახალი ამბები
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსში ცვლილებებია
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ახალი ეტაპი იწყება, თუმცა, იცვლება მისი გამართვის წესი.

უწყებაში განმარტავენ, მათ გადაამუშავეს 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“. აღნიშნული გადაწყვეტილება კი "2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზების შემდეგ მიიღეს'.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის "მასშტაბების გაზრდის, პროცესის ინკლუზიურობის და მოქნილობის ხელშეწყობის მიზნით", სამინისტრომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:


„უქმდება სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ასევე, მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს: უმაღლესი განათლება; მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს და 29 თებერვალს დასრულდება.


აქვე მითითებულია, რომ დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 19 თებერვლიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.

Print