ახალი ამბები
რატომ იღუპებიან ზღვის სანაპიროზე ფრინველები - აფხაზი ეკოლოგი სავარაუდო მიზეზებზე
ბოლო დროს, სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ზღვის სანაპიროზე დაავადებული ან დახოცილი ფრინველებია გამოსახული. საუბარია, დიდ კოკონაზე (Podiceps cristatus) ბატისნაირთა რიგის წყალმცურავ ფრინველზე.
ინტერნეტ კომენტატორების ნაწილი თვლის, რომ ფრინველების დახოცვა, ქაფშიას გადამამუშავებელ ქარხნების ზემოქმედებას უკავშირდება. სხვების ვერსიით კი ისინი ყვინთვისას, თურქული სეინერების ბადეებში იხლართებოდნენ.

ფრინველების მასობრივი დახოცვის ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ეკოლოგიის ინსტიტუტის" დირექტორი რომან დბარი. მან სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ასობით ათასი ფრინველი იზამთრებს აფხაზეთში, განსაკუთრებული კლიმატური და ეკოლოგიური პირობების გამო, თუმცა, თუმცა მათ „მასობრივ“ დაღუპვაზე საუბარი სუბიექტური შეფასებაა, რაც სოციალურ ქსელებში ინფორმაციის სწრაფი გაცვლით აიხსნება.

„სანაპიროს რაიონებში, სადაც ახლა ასობით ათასი ფრინველი ბინადრობს, მკვდარი ფრინველების რაოდენობა ბუნებრივია, მეტია, ვიდრე, მაგალითად, მდინარე კოდორის შესართავთან, სადაც ბევრ მკვდარ ფრინველს ვერ ნახავთ, რადგან ავადმყოფი და დასუსტებული ფრინველები მტაცებლების მსხვერპლები ხდებიან. ქალაქის ზოლში ეს ეკოლოგიური კავშირები დარღვეულია და ჩვენ ხშირად ვხდებით მომსწრეები, ბუნებრივი, მაგრამ ზოგჯერ დრამატული მოვლენების, როგორიცაა ფრინველების დაღუპვა“, - განმარტა დბარმა. 

თუმცა, მან არ გამორიცხა ფრინველების დაინფიცირების შესაძლებლობაც. სპეციალისტის თქმით, ეს შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციები, რომლებიც , გამოზამთრებისას ვრცელდება ერთ ადგილზე დიდი რაოდენობით კონცენტრირებულ ფრინველებში.

„თუ, მაგალითისთვის, ფერმერს საკუთარ მეურნეობაში ფრინველების წამლობა შეუძლია, ბუნებაში ამას ვერ გააკეთებ, ამიტომაც ფრინველები პერიოდულად იღუპებიან, ხოლო გადარჩენილები უფრო ძლიერ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ და შთამომავლობას გადასცემენ“, - განაცხადა დბარმა.

ის თვლის, რომ ქალაქებში, პლაჟებზე, მუნიციპალურმა სამსახურებმა უნდა „შეაგროვონ და გაანადგურონ მკვდარი ფრინველები ვეტერინარული სამსახურის მიერ დადგენილი წესით“. მოქალაქეებმა კი არ უნდა გამოიყენონ საკვებად, მათ შორის არც შინაური ცხოველებისთვის, დასუსტებული ან მკვდარი ფრინველის ხორცი. ამასთან, "აუცილებელია აღნიშნული ბუნებრივი მოვლენების შესახებ მონაცემების მონიტორინგი და მათი შემდგომი ანალიზი".

Print