ახალი ამბები
სოხუმში გაეროს განვითარების (UNDP) პროგრამის ოფისმა არძინბას ულტიმატუმს უპასუხა
სოხუმში გაეროს განვითარების (UNDP) პროგრამის ოფისმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ულტიმატუმს უპასუხა. მათი განცხადებით, UNDP - ს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას, არ შეუძლია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ან სააგენტოების მიერ თავიანთ ვებვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ UNDP - ის პროგრამული აქტივობები მკაცრად ემორჩილება ჩვენი ორგანიზაციის გლობალურ მანდატს გაეროს მიზნების მისაღწევად, როგორც ეს გათვალისწინებულია წესდებაში, ისევე როგორც მიზნებს, რომლებიც დასახულია უფრო მდგრადი მსოფლიოს მშენებლობისთვის.

„პროგრამა „პარტნიორობა მდგრადობისთვის“ მხარს უჭერს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს.

პროგრამის მიღწევები ხელს უწყობენ ადგილობრივი თემების ადამიანური უსაფრთხოებისა და მდგრადობის დონის ამაღლებას, კერძოდ:

ძირითადი სოციალური სერვისების, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით;

ახალგაზრდებისა და ქალების შესაძლებლობების გაზრდით ბიზნეს განათლებაში და წარმოებასა და ვაჭრობაზე მოთხოვნის გაზრდით;

სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების პირობების გაუმჯობესების, საზოგადოებისა და ინდივიდების მდგრადობის დონის ამაღლების გზით;

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ცენტრების ექსპერტიზისა და შესაძლებლობების დონის ამაღლებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „აფსნიპრესი“ აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამულ მენეჯერთან ვარდონ ჰოჯასთან შეხვედრისას, 29 თებერვალს, მოითხოვა, რომ 
UNDP - მ 7 მარტის 18:00 საათამდე ოფიციალურად უარყოს „USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნები“, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული აფხაზური საინფორმაციო რესურსების სიის, ასევე მათი მიზნებისა და დაფინანსების მოცულობის გამოქვეყნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „დროული და ადეკვატური ზომებით“ დაიმუქრა. 

ამავე ცნობით, არძინბამ გააპროტესტა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული USAID-ის მიერ UNDP-ის დაფინანსების მიზნები, რომელთა შორის, მისი განცხადებით, ნახსენებია „აფხაზეთის დეოკუპაცია“ და „კრემლის საზიანო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა“.  არძინბას თქმით, ასეთი პუბლიკაცია ზიანს აყენებს UNDP - ის, როგორც გაეროს სააგენტოს რეპუტაციას და „გაეროს წესდების მიზნებს ეწინააღმდეგება“.

2023 წლის ნოემბერში, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

"უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".

Print