ახალი ამბები
საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს - საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფი
"თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს", - ამის შესახებ კვლევა მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საპარლამენტო ჯგუფმა გამოაქვეყნა.

ამავე ცნობით, მოზარდების 31%-ს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება აქვს.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე რეგისტრირებულია 1 მილიონზე მეტი ანგარიში, რომელთა მფლობელები საქართველოს მოქალაქეები არიან. ბუნებრივია, აზარტული თამაშების ანგარიშის ყველა მფლობელი თამაშდამოკიდებული პირი არ არის, თუმცა აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შესახებ მონაცემი საქართველოში გემბლინგის პოპულარობაზე მეტყველებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, აზარტული თამაშების ონლაინპლატფორმაზე ვერიფიკაცია უკონტროლო იყო. ნებისმიერ პირს, განურჩევლად ასაკისა, ანგარიშის შექმნა და თამაში შეეძლო. ამ გზაზე ერთადერთი ბარიერი არსებობდა − შეტყობინება ონლაინსამორინეების ვებგვერდებზე, სადაც დარეგისტრირების მსურველს უნდა აღენიშნა, რომ სრულწლოვანი იყო. მას მოზარდები მარტივად უვლიდნენ გვერდს − ისინი უბრალოდ უთითებდნენ, რომ 18 წლის ზემოთ იყვნენ.

ამავე კვლევის მიხედვით, 51%-მა თქვა, რომ აზარტული თამაშები პირველად მეგობრების წრეში ითამაშეს, დროის თავისუფლად გასაყვანად.

ასევე, მოზარდების 80%-თან აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენაზე არავის უსაუბრია. შესაბამისად, თამაშის მთავარ მიზეზებად შეიძლება ინფორმაციის არქონა და საზოგადოებრივი განათლების პრობლემა დასახელდეს.
Print