ახალი ამბები
დღეიდან 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება
სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დღეიდან 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. საპენსიო სესხების პირობების შესახებ ინფორმაციას "ლიბერთი" ბანკი ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქმე ეხება პენსიონერებს, რომლებიც სარგებლობდნენ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.

"ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს", – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებით კი "ლიბერთიში" აცხადებენ, რომ ცვლილების თარიღამდე დარიცხული საპროცენტო დავალიანება დარჩება უცვლელი, ხოლო ცვლილების დღიდან, ანუ 2024 წლის 15 მარტიდან სესხის დასრულების თარიღამდე, დაკორექტირდება დაფარვის გრაფიკი. ვადის დასრულების თარიღი კი დარჩება უცვლელი და ყოველთვიურად დასაფარი თანხა პროცენტის კორექტირების ხარჯზე შემცირდება.

პენსიონერებისთვის სესხის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 22 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავა ესწრებოდნენ.


Print