ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციის ახალი სამაშველო ვერტმფრენი საქართველოშია
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის "H 145" ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

მათივე განმარტებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

"ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია", - მითითებულია ინფორმაციაში.

შსს-ს წარმომადგენლებს "H 145" ვერტმფრენი გერმანიაში, "Airbus Helicopters"-ის საწარმოში 12 მარტს გადაეცა.

სამინისტროში ამბობენ, რომ შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.


ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
Print