ახალი ამბები
"ქართული ოცნება" ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ დააინიცირებს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭირვალეა.

"კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებული იქნება ტერმინი - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია", - თქვა მდინარაძემ

პარლამენტმა პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა არაერთგზის გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.


ამავე თემაზე: 

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციის მეორე დღე ზუგდიდში (ფოტო)


Print