ახალი ამბები
ოპოზიცია საავტომობილო გადაზიდვების სექტორის პრობლემებზე - ბრიფინგი ფოთში
დღეს ფოთში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს უმძიმეს პირობებში, დაბალი ანაზღაურებით უწევთ მუშაობა, რაც გამოწვეულია საავტომობილო გადაზიდვების სექტორში არსებული კორუფციით, ბიუროკრატიით, ნებართვების გაუმართავი სისტემით.

მათივე მტკიცებით, ამ მიზეზების გამო, სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ მძღოლებსა და გადამზიდავებს ემიგრაციაში უწევთ წასვლა მაღალი ანაზღაურებისა და დასაქმების საძიებლად.

ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს პოტენციალი, დამატებით შეიქმნას 50 ათასი სამუშაო ადგილი საავტომობილო გადაზიდვების სექტორში და ასევე , შესაბამისი რეფორმების გატარების შემთხვევაში, რასაც ისინი გეგმავენ, შესაძლებელია ევროკავშირის გადაზიდვის სექტორში ინტეგრირება, იმისათვის, რომ ქართველ გადამზიდველს ნებართვის გარეშე შეეძლოს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირიდან საქართველოში და პირიქით.

ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ხომერიკი საუბრობს პრობლემაზე, რომელიც ტვირთის გადაზიდვის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ მძღოლებს უდგათ.

„ხელისუფლება მათ აიძულებს, ცარიელი ავზებით შემოვიდნენ და ძვირადღირებული საწვავი ჩაასხან საქართველოში. ეს დანაკლისი, რომელიც ამ მძღოლებს აქვთ, ამ ძვირადღირებული საწვავის ხარჯზე, დაახლოებით, თვეში ათასობით ლარია და ეს თანხა მიედინება ერთეულების ჯიბეში, საუბარი მაქვს ნავთობიმპორტიორ კომპანიებზე... აუცილებლად უნდა მოიხსნას რეგულაცია, რომელიც კაბალურ პირობებში ამყოფებს გადამზიდავ კომპანიებს". - ამბობს ის. 

მათივე მონაცემებით, საქართველოში 16 130 სატვირთო ავტომობილის მძღოლია რეგისტრირებული.


Print