ახალი ამბები
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა.

ამავე ცნობით,  ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს და ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
Print