ახალი ამბები
ბრაკონიერობა ბალდის კანიონზე - მოქალაქეს ტომარაში შვლის დანაწევრებული ხორცი ედო
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილისა და ოკაცეს ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა ბრაკონიერების ფაქტი გამოავლინეს. საუბარია ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე შველზე უკანონო ნადირობაზე.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო, რეინჯერებმა შეძლეს მისი შეჩერება და არარეგისტრირებული სანადირო თოფის და ტომრის ჩამორთმევა, რომელშიც აღმოჩნდა შვლის დანაწევრებული ხორცი“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ჩამორთმეული ტვირთი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
Print