ახალი ამბები
სამ თვეში სხვადასხვა საკვებ ობიექტში, სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში 971 დარღვევა გამოვლინდა - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ამასთან, უწყების ცნობით, შემოწმდა ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტები.

"აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა. რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღებას გეგმავს.

Print