ახალი ამბები
მარტვილში წაჩხურობის დღესასწაული აღნიშნეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა დილიდან მიმდინარეობდა.

აღდგომის დღესასწაულის მომდევნო ხუთშაბათს, ტაძარში მთელი საქართველოდან მომლოცველები ჩადიან, მათ შორის უმეტესად უშვილო წყვილები არიან. ისინი წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ.

მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, მომლოცველებმა გზა ტაძრამდე ფეხით უნდა გაიარონ. შვილის მომლოდინე მორწმუნეებს თან პატარა აკვნები და სხვადასხვა შესაწირი მიაქვთ.

ტაძარში ასევე სამადლობელი შესაწირავი მოაქვთ და თან შვილები მოჰყავთ.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ ანდრია მოციქულს ამ ადგილას გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. სწორედ იმ ადგილას ტაძარი მე-7 საუკუნეში აუგიათ. თუმცა ამჟამად შემორჩენილია ტაძრის მე–18 საუკუნეში განახლებული სახე.


ფოტო: ლევან გაბეჩავა
Print