ახალი ამბები
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - სამინისტრო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

მათივე ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

სამინისტროში ამბობენ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.

„2025 წელს, კვლავ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთან, რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
2025 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.emis.ge.

Print