ახალი ამბები
სოხუმში 9 მაისს მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
გარიკ ავიძბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, ინფორმაციას „აბხაზია ინფორმი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სოხუმის პროკურატურის მოთხოვნით სოხუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახუბას და ალხას ახუბას, სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

9 მაისს, სოხუმში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული გარიკ ავიძბა მანამდე იძებნებოდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობის შესაძლო თანამონაწილე.

Telegram-ის არხების თანახმად, მოგვიანებით ის ქალაქის ერთ - ერთი ლუდის ბარში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილზე, ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 2021 წლის 18 მაისს, საღამოს, სოხუმში, ჩაჩბას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოსთან მოხდა. დაჭრილი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამმა ნიღბიანმა პირმა ესროლა. 

ქემალ არძინბას ჩაცხრილვას უკავშირდება, სოხუმში 2021 წლის 17 ივლისს, „ახალ რაიონში“, ლუდის ბარში ატეხილი სროლაც.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით.









Print