გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
2023 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით კომპენსაცია მიანიჭა.
2018 წელს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, სადაც ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა. მას შემდეგ აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. მხარეების შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა.
მასალის გამოყენების პირობები