ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას მუშების გაფიცვასა და აეროპორტის ტექნიკურ გაუმართაობაზე
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.


„აეროპორტში სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე სამუშაოები გრაფიკის მიხედვით გრძელდება. კონტრაქტორი ორგანიზაციების ყველა თანამშრომელი თავის ადგილზეა. აეროპორტი კონტრაქტის შესაბამისად ასრულებს ყველა ვალდებულებას გენერალური კონტრაქტორის წინაშე. სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ აეროპორტის ფუნქციონირებას, ნორმალურად მუშაობს და აეროპორტის ენერგომომარაგების პრობლემა არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერდა ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“.

გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ.

ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.

ასევე, გამოცემა იტყობინებოდა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, საგანგებო სიტუციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აეროპორტში შეიქმნა არასტაბილური ენერგომომარაგების გამო.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველი სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.

1 მაისს, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველ რეისი ვნუკოვოს აეროპორტიდან ავიაკომპანია UVT Aero - მ შეასრულა.

13 მაისს, სოხუმის აეროპორტში ნიჟნი ნოვგოროდიდან შესრულდა პირველი ფრენა.

მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.

თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

Print