ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი და საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორი როსტომ ზარანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამართალდარღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ აქტივისტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და სასამართლოს დადგენილების ფოტოს აქვეყნებს.
ზარანდია ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შენობის ფასადზე "ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის სტენსილის მიხატვის გამო უკვე მეორედ დააჯარიმეს.
აქტივისტს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯების მუხლით სამართალდარღვევის პირველი ოქმი 17 თებერვალს გადაეცა.
ზარანდიას თქმით, მისი დაჯარიმების ძირითადი მიზეზი სტენსილების საპროტესტო შინაარსია და არა მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება.
ამასთან, გუშინ, 22 მაისს, აქტივისტს სამართალდარღვევის კიდევ ერთი ოქმი ჩააბარეს, კვლავ ზუგდიდის პროკურატურის შენობის კედელზე შესრულებული ნახატის გამო.
ცნობისთვის, „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“ ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმას. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 3000 ლარით დაჯარიმებას.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია 2300 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორს პოლიცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება
მასალის გამოყენების პირობები