ფოთში, ზღვის სანაპიროს ნაბადის ტერიტორიაზე, ძლიერი ღელვის გამო ზღვამ ბორანი "სმატი" გამორიყა. 35 ვაგონით დატვირთული გემი ფოთის ნავსადგურიდან გუშინ გავიდა, გვიან ღამით კი ზღვის ღელვამ 6 ბალს მიაღწია, რის გამოც გემმა მართვა დაკარგა.
"მეორე ნავმისადგომთან იდგა ეს ბორანი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს. ჩვეულებრივი, სატვირთო ოპერაციების დასრულების შემდეგ, 35 ვაგონით დატვირთული გავიდა ნავსადგურიდან. რადგან მოსალდნელი იყო ამინდის გაუარესება, კაპიტანმა ითხოვა ღუზაზე დადგომა, რომ გადაეტანა საშტორმო ამინდი. კაპიტანს, რა თქმა უნდა შეეძლო ჩვენთვის მოემართა, ნავმისადგომთან დარჩენაზე, მაგრამ ეს არ გაუკეთებია, არც სიტყვიერად და არც წერილობით. შუაღამისას, მიღებულ იქნა საშტორმო გამოცხადება, რომლითაც ნავარაუდევი იყო ამინდის მკვეთრი გაუარესება. დილის სამი საათისთვის ამინდი ძალიან გაუარესდა, შტორმმა 6 ბალს მიაღწია. როგორც კი მივიღეთ საშტორმო გაფრთხილება, ინფორმაცია გადავეცით ყველა მცურავ საშუალებას, რის შემდეგაც, თითქმის ყველა მათგანი გავიდა ღია ზღვაში", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფოთის ნავსადგურის კაპიტანმა ვახტანგ თავბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბორან "სმატის" ეკიპაჟმა ღია ზღვაში გასვლა სცადა, თუმცა უკვე ჩაშვებული ღუზის ამოღება, ტექნიკური გაუმართაობის გამო ვეღარ მოახერხეს.
"ტექნიკური გაუმართაობა გახდა იმის მიზეზი, რომ გემი ღია ზღვაში ვეღარ გავიდა, რის შემდეგაც ღუზამ გემი ვეღარ დაიჭირა და დაიწყო დრეიფი. ამის შედეგად, გემმა ბევრი იმოძრავა რეიდზე და გამორიყა სანაპიროზე", - განაცხადა თავბერიძემ.
კაპიტნის ინფორმაციით, დახმარებისთვის, სანავსადგურო საბუქსირე მცურავი საშუალებებით, გემთან მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. თავბერიძის განმარტებით, ნავსადგურს სპეციალური სამაშველო ბუქსირი არ გააჩნია.
"კაპიტნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გემს რაიმე დაზიანება არ აქვს, ეკიპაჟი 16 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი უვნებლადაა, ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, დღის მეორე ნახევრისთვის, რის შემდეგაც, დავიწყებთ სამაშველო ოპერაციებს", - აცხადებს ვახტანგ თავბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები