არჩევნები
იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის 48-ე ოლქში დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის 49-ე ოლქში კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში გია მიქელაძე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან იწყებს.

„ჩვენ ვიწყებთ, - მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიის ქალაქიდან, დავით აღმაშენებლის ქალაქიდან, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა ყველა ქართველისთვის. აქედან მინდა მივესალმო მთელ საქართველოს და ვუთხრა, რომ სწორედ გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა თითოეული ჩვენგანის მიზანი და ოცნება. ჩვენი პარტიის მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს არის“.

იმერეთის შემდგომ, მთავრობის მეთაური კანდიდატებს სამეგრელოში 23 ივლისს წარადგენს. ”ქართულ ოცნებას“ სამეგრელო-ზემო სვანეთში მაჟორიტარობის 8 კანდიდატი ეყოლება.
Print