არჩევნები
"თავისუფალმა დემოკრატებმა" ე.წ. "პრესოვკის" საარჩევნო უბანზე კანდიდატი წარადგინეს
„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ე.წ. „პრესოვკა-მახარაძის“ საარჩევნო უბანზე დავით ვერავას კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, ვერავა სწორედ ის ადამიანია, ვისაც ესმის ამ უბნის პრობლემები და მოაგვარებს მათ.

თავად კანდიდატმა კი საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. იგი ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

ჩემი ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მე კარგად ვიცნობ ზუგდიდის, მათ შორის, ამ კონკრეტული უბნის პრობლემებს. ჩემი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება მაძლევს საშუალებას, რომ ამ უბნის მოსახლეობას მოვუგვარო არსებული პრობლემები“, - განაცხადა მან.

დავით ვერავა 2011-2015 წლებში მუშაობდა „ბანკი რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველად; 2000-2007 წლებში მუშაობდა ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის მმართველად; 1999-2000 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის მმართველის თანამდებობაზე. 1998-1999 წლებში ამავე ბანკის სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის მმართველის მოადგილედ; 1998-2002 იყო ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს წევრი; 1988-1993 წლებში ზუგდიდის რაიკოოპკავშირის კოპვაჭრობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. ის 1998-2002 წლებში ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს წევრი იყო.

ცნობისთვის, აღნიშნულ საარჩევნო უბანს ქალაქის საკრებულოში მერაბ ქვარაია წარმოადგენდა. მან დეპუტატის უფლებამოსილება 17 აგვისტოს მოიხსნა.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print