არჩევნები
საარჩევნო ადმინისტრაცია ბარათების დარიგებას იწყებს
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლის მონაცემების ბარათებს 8 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაარიგებენ.

„ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“, - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე განცხადებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი.

მიქელაძის ინფორმაციით, ერთიანი სიის საჯარო ვერსია 8 სექტემბრიდან ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზე შეეძლებათ მონაცემების გადამოწმება. ამასთან, მოქალაქეებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე -voters.cec.gov.ge.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, 8 სექტემბერს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა იწურება.

Print