არჩევნები
"ენმ"-ს ზუგდიდის შტაბი ე.წ. "სომხურ კარუსელებზე" საუბრობს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა დამენიამ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 8 უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამასთან, დამენიას განცხადებით, საარჩევნო უბნებზე პრობლემები შეექმნათ ,,ენმ’’-ს დამკვირვებლებს. ის ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრებიდან დათო შენგელიას ხემძღვანელობით დევნილების ორგანიზებულად გადმოყვანაზე საუბრობს.

,,დე ფაქტო ცხინვალისა და აფხაზეთის მთავრობებმა განაცხადეს, რომ საზღვრებს ჩაკეტავდნენ, დათო შენგელიამ რა გზებით მოახერხა დევნილების გადმოყვანა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან’’, - თქვა დამენიამ.

„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის ლაშა გვასალიას განცხადებით, არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
რაც შეეხება „სომხურ კარუსელებს“, გვასალია ასეთ ფაქტებს გამორიცხავს.

„თუ რამე მოხდა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული იქნება“, - აღნიშნა მან.

,,ენმ’’-ს ბრალდებებს ასევე უპასუხა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მირანდა მესხმა. ის რამდენიმე უბნის ერთი საათის დაგვიანებით გახსნის ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები თითქმის ყველა უბანზე პროვოკატორობენ.

Print