არჩევნები
სანდრა რულოვსი მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი 30 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გუნდში არაერთგვროვანი რეაქცია მოჰყვა. ყოფილი პირველი ლედი მის ამ ნაბიჯს კიდევ ერთხელ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას.

პარტიისთვის ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბრიდან იყო ცნობილი, როცა ეს გადაწყვეტილება გავაცანი ენმ-ის პოლიტსაბჭოს, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების თანდასწრებით. ჩემი ამ განცხადების შემდეგ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ბაქრაძემ, განაცხადა რომ, პოლიტსაბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქალბატონი სანდრას შემთხვევა არის განსაკუთრებული და უნდა შევიდეთ მის მდგომარეობაში რაც, დარწმუნებული ვარ, პოლიტსაბჭოს ოქმშიც არის ასახული.

ზუსტად პოლიტსაბჭოს სხდომის დროს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის რაიონის 3 საარჩევნო უბანზე პირველი ტური განმეორებით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე იქვე, პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ზუგდიდის რაიონში ჩემთვის პირველი ტური ჯერ არ დამთავრებულა.

ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცმხყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან.

მე მგონი ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეუბით თავისი პოზიციის გახმოვანება.

ბანალობაა იმის მტკიცება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლის მიზანი არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის დამარცხებაა და ეს აუცილებლად მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია."

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში "სამწუხაროს" უწოდებენ.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რულოვსს პოლიტ-საბჭოსთან შეთანხმებით არ მიუღია. მათი თქმით, ისინი მეორე ტურებში ბრძოლას განაგრძობენ.
Print