არჩევნები
IRI: მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა,

რომელიც 9-21 ოქტომბერს მოიცავს.

ანგარიშში საუბარია არჩევნების პირველ ტურში მომხდარ გადაცდომებსა და დარღვევებზე. IRI-ის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შენიშნეს, რომელთა უბნებზე ყოფნა, დამკვირველბელბის აზრით, რამოდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით აზრს აცვლევინებდა.

„როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები მიმართავდნენ უბანთან არსებულ მოქალაქეების ჯგუფს, თუ რა იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ არჩევნები საზოგადო ღონისძებაა და მეზობლები უბრალოდ შეიკრიბნენ. მათი პასუხების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხდებოდა, თუმცა წარმოდგენა იქმნებოდა, რომ მსგავსი ჯგუფები უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ კავშირში. ეს დაკვირვება განმტკიცებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მხრიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ მსგავსი ქმედება სახელისუფლო ძალის მიერ იქნა გამოყენებული ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია „ენმ“-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, მათ კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებსა და მარნეულის ინციდენტზე. აქვე აღნიშნულია, რომ  მარნეულში პოლიციამ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები ძალის გადამეტებით დააკავა.
მათი დაკავების შემდეგ, როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, დაკავებულ პირებს აიძულებდნენ, რომ ეღიარებინათ 8 ოქტომბერს, მარნეულში საარჩევნო პროცესის ჩაშლა. 6 დაკავებული პირიდან ოთხს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არასათანადოდ მოეპყრნენ. ეჭვმიტანილები აცხადებენ, რომ მათ მიმართ გამოყენებული ძალადობა და დაკითხვის დროს არასათანადო მოპყრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, IRI მეორე ტურის წინ ცესკოს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებს და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავს.

 

Print