არჩევნები
"საუნჯე": არჩევნები მცირე ხარვეზებით მიმდინარეობს
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში აკვირდებიან. მათ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს.

,,არჩევნების დღის პირველი საათები აღნიშნული მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში მიმდინარეობს უმეტესად მშვიდ გარემოში, შეიმჩნევა რამდენიმე მნიშვნელოვანი და უმეტესწილად ტექნიკური ხარვეზები. მიგვაჩნია, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება აუცილებელია მომავალში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე ამომრჩეველმა ხმის მიცემის კაბინაში ფოტო გადაუღო ბიულეტენს და საკუთარ პირადობის მოწმობას. დღის განმავლობაში რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ხმის მიცემისას ფოტოს გადაღების თაობაზე, უმეტეს შემთხვევაში ცალკეული პირები აცხადებენ, რომ ამომრჩევლები ამას სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად აკეთებენ, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ფოტომასალა, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გასავრცელებლად არ ყოფილა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის კაბინაში ფოტოს გადაღება წინა წლებში გამოიყენებოდა ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანის კონტროლის საშუალებად, რა დროსაც კონკრეტული პირები „მტკიცებულების“ სახით ითხოდნენ ამომრჩევლებისაგან ფოტომასალას კაბინიდან. მიგვაჩნია, რომ დღეს დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სწორედ ამ მიზნით იღებენ ამომრჩევლები ფოტოებს კაბინაში და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საარჩევნო კომისიამ ზედმიწევნით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობა, რათა ამით გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობებიც.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და დეტალურად გამოიკვლიონ სიტუაცია. თავს ვიკავებთ საჯაროდ ჩვენს ხელთ არსებული ფოტოების გავრცელებისაგან, თუმცა მივაწვდით მათ პროკურატურის ორგანოებს.’’- ნათქვამია განცხადებაში.

Print