არჩევნები
„სოხუმი ჩემი დედაქალაქია“ - ზვიად სიჭინავას ახალგაზრდული ფრთის აქცია ენგურის ხიდზე
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი (ზვიად) სიჭინავამ და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღე ენგურის ხიდზე გვიან საღამოს გაიხსენეს. მათ სიმბოლურად ცაში გულის ფორმის ფრანები გაუშვეს. ახალგაზრდებს მაისურები წარწერით - სოხუმი ჩემი დედაქალაქია ეცვათ.

"დღევანდელი აქცია ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს, დაღუპულ გმირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ჟიული შარტავა იყო და მის ხსოვნას, ჩვენს ძმებს, რომლებიც დაეცნენ ამ დღეს. ფრანების გაშვებით მინდა, ჩვენს აფხაზებს ვუთხრა, რაც სისხლით დავკარგეთ, მეგობრობით უნდა დავიბრუნოთ, ახალგაზრდების ერთად ყოფნით და იმედია, რომ მალე ერთად გავუშვებთ ფრანებს აფხაზეთიდან, რადგან სოხუმი ჩვენი დედაქალაქია", - განაცხადა ზვიად სიჭინავას ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ილია ჭითანავამ.




"როგორც ხედავთ, გულის ფორმის ფრანები გავუშვით, ეს იმის დასტური და ნიშანია, რომ ჩვენ ვართ ძმები და ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. 24 წლის წინ დავკარგეთ უდიდესი კაცი, ჟიული შარტავა, რომელმაც თავისი ცხოვრება შეწირა სოხუმს. უნდა გვახსოვდეს ეს დღე, ის სიყვარული, რომელიც დავტოვეთ იმ მიწაზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია", - განაცხადა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

გარდა ამისა, დომენტი (ზვიად) სიჭინავამ, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, გადაცემაში - "ცენზურის გარეშე" ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დიალოგი დაიწყოს.

®

Print