არჩევნები
ფაქტობრივი უზუსტობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბროშურაში (ფოტო)
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალაში, რომელიც მოსახლეობას ურიგდება, ზუგდიდში განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოებია აღწერილი. მმართველი პარტიის ბროშურაში მითითებული შესრულებული პროექტების სიის მიხედვით, 2014-2016 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს, მათ შორის, ქალაქის №1 ბაღს.

აღნიშნულთან ერთად, ჩამოთვლილია რამდენიმე ბაღი, ჩამონათვალის ბოლოს კი ფრჩხილებში მითითებულია „სრული რეაბილიტაცია“.



ბაღის გამგე ხათუნა გულორდავა ამბობს, რომ დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია. მისივე თქმით, ბაღში კოსმეტიკური სახის რემონტი ჩატარდა, მათ შორის, გამოიცვალა წყლის ავზები, მილები, გაკეთდა ღობე, თუმცა, მისივე განმარტებით, დევნილების შენობაში ცხოვრების გამო სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.




„როგორც კი რამე მოთხოვნაა ჩვენი მხრიდან, მერია მაშინვე ითვალისწინებს მას და გვაძლევს, რაც გვჭირდება. ასევე გვპირდებიან, რომ სრული რეაბილიტაცია მას შემდეგ ჩაუტარდება ბაღს, რაც დევნილების განსახლება მოხდება. აბსოლუტურად შესაცვლელია ყველაფერი - კარები, ფანჯრები, გარე ფასადი, აივნები. ჯერ სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია ბაღს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გულორდავამ.

ამასთან, ბროშურის ერთ-ერთ გვერდზე წერია, რომ ამავე ბაღის რეაბილიტაცია 2017 წელსაც არის დაგეგმილი.



ლაშა გოგიას საარჩევნო შტაბში ადასტურებენ, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღს მხოლოდ ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ შორის, შემოიღობა ეზო, ხოლო მასალაში მითითებული „სრული რეაბილიტაცია“ №12 და №13 ბაღების რეაბილიტაციას გულისხმობს.

„გარდა ამია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეათე საბავშვო ბაღსაც, რომელიც მითითებული არ არის. 2017 წელს პირველი ბაღისთვის ასევე დაგეგმილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რაც კოსმეტიკურ რემონტს გულისხმობს“, - აღნიშნავენ შტაბში.

„ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალაში სხვადასხვა სფეროს მიხედვით ჩატარებული სამუშაოები და 2018-2021 წლებისთვის ზუგდიდის განვითარების გეგმაა მოცემული.

Print