ახალი ამბები
ცესკო კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონით დადგენილი მათი უფლებების თავისუფლად განხორციელებისთვის შესაბამისი პირობები შეექმნებათ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას. 

„ამასთან, დაკვირვების უფლების მქონე პირებს (დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები) ცესკო შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების შესაბამისი უბნის სიაში იდენტიფიცირების შესაძლებლობის კუთხით, დააკვირდენენ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას, მათ დამოწმებას და კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზემოხსენებული უფლების განხორციელება მოხდეს კენჭისყრის შენობაში აგიტაციისა ან ამომრჩეველზე რაიმე ზეგავლენის გარეშე, რათა დაცული იქნას ხმის მიცემის ფარულობისა და ნების თავისუფლად გამოხატვის ფუძემდებლური პრინციპები", - აღნიშნულია ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ცესკოს ადმინისტრაცია შესაბამისი უფლების მქონე პირებს კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.  

Print