ახალი ამბები
შსს არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
„არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“, - ეს განცხადება შს მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, უწყება მაქსიმალურად ეცდება, რომ საარჩევნო პერიოდმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს.

„ ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც“, - განაცხადა მინისტრმა.

სამუშაო თათბირზე, რომელსაც საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ, შს სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

Print