არჩევნები
დომენტი სიჭინავა ზუგდიდელ ამომრჩეველს მიმართავს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:


„რამდენიმე საათი დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

იმედი მაქვს, ხვალ, ზუგდიდელები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს. არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქისა და სოფლებისთვის უკეთესი დღის მომტანი იქნება. არჩევანს, რომელიც ჩვენს შვილებს მეტ პერსპექტივასა და თვითრეალიზების საშუალებას მისცემს.

მე, დომენტი (ზვიად) სიჭინავა, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გეუბნებოდით, რომ არ ვიძლევი დაპირებებს და მაქვს კონკრეტული გეგმები, იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთსობისკენ. უარი ვუთხრათ ნეპოტიზმსა და პოლიტიკური ნიშნით ხალხის დასაქმებას, მივცეთ თავის გამოჩენის შანსი პროფესიონალებს. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უფრო ნაკლები სოციალურად დაუცველი გვყავდეს ხვალ, კიდევ უფრო ნაკლები რამდენიმე დღის შემდეგ.

მე მჯერა იმის, რომ თქვენ ყველას გინდათ შევცვალოთ ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. მჯერა და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და წინასწარ ყველას მადლობას გადაგიხდით იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან. მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა ხვალ, საარჩევნო უბნებზე თქვენს ღირსეულ არჩევნად იქცევა.

ერთად ავაშენოთ უკეთესი ხვალინდელი დღე, ერთად შევცვალოთ ზუგდიდი უკეთესობისკენ. მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი ყოველივე ეს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ნუ დარჩებით სახლში, გააკეთეთ არჩევანი.

ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.

თქვენი მხარდაჭერის იმედად, პატივისცემით, დომენტი (ზვიად) სიჭინავა“, - ნათქვამია სიჭინავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



Print