არჩევნები
შესაძლო მოსყიდვისა და საარჩევნო პროცესში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის ფაქტები
ზედაეწერის 72-ე საარჩევნო უბანზე დილიდან დარღვევის რამდენიმე შესაძლო ფაქტი დაფიქსირდა. ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნატაშა აფხაზავას ინფორმაციით, სოფლის რწმუნებულმა ირაკლი თორდიამ კონკრეტულ პირს ქაღალდი გადასცა. მისივე თქმით, მან აღნიშნული კიბის ქვეშ დამალა და აღმოჩნდა, რომ ე.წ. დასკოჩილი ქაღალდია.

„ესეთი პრაქტიკა აქვთ. აძლევენ ხალხს ფულს და ამ ქაღალდს, რომელიც ბიულეტენთან ერთად უნდა ჩააგდონ. წინა არჩევნებზეც იყო მსგავსი შემთხვევა“, - თქვა აფხაზავამ.

აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს სოფლის რწმუნებული ირაკლი თორდია.

გარდა ამისა, აფხაზავას ინფორმაციით, ამავე უბანზე მან სკოლის მოსწავლეები შენიშნა, რომელთაც ბორდოსფერი ბეიჯი ეკეთათ. „ისინი ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან. როცა ვნახე და ვკითხე, ვინ იყვნენ, პასუხი არ გამცეს და გაიქცნენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ აფხაზავამ.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, აღნიშნული ფერის ბეიჯი ცესკოს აკრედიტაცია არ არის და პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით.

საიას იურისტის ჯემალ ჭკადუას თქმით კი არასრულწლოვანს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

Print