არჩევნები
ლელა ქებურია: "ქართულ ოცნებას" ზუგდიდში ის ნდობა არ გააჩნია, რაც ციფრებიდან ჩანს
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას შეფასებით, არჩევნების შედეგებზე გავლენა მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლამ იქონია. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესებმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტები იყო.

„მთელი არჩევნების პერიოდი მიმდინარეობდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, დაშინებებით, მოსყიდვით და ზეწოლით. მიუხედად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, წინ უძღოდა თუნდაც ჩვენს პარტიასთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი, შესაბამისად, ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო სამართლიანი არჩევნები. რაც შეეხება შედეგებს, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ნდობა გამომიცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, მე ვაგრძელებ ბრძოლას იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლინდა“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პარტიის შედეგებს, ქებურია მოცემული რეიტინგით კმაყოფილია.

„ევროპული საქართველო“ ხუთი თვეა, რაც დაარსდა. მიუხედავად ამისა, სხვა პარტიებთან შედარებთ, კარგი რეიტინგი გვაქვს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამომრჩევლის ნებას, თუმცა ძალიან ვწუხვარ იმ შედეგით, რაც დადგა. ეს ნამდვილად არ იქნება ზუგდიდისთვის კარგი. მე პირადად ჩემი ამომრჩევლის დარწმუნება ვერ მოვახერხე, რომ შემიძლია მათი პრობლემების მოგვარება, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ჩაანაცვლებს ამ მთავრობას“, - განაცხადა ქებურიამ.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, (80 უბნის მიხედვით) „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ლელა ქებურიამ ხმების საერთო რაოდენობის 9,18 % დააგროვა, რაც 3 061 ხმას უდრის. პროპორციული სიის მიხედვით სულ 5187 ხმა, ანუ 14, 62 %.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო ოლქში სულ 107 ოლქია.


Print