არჩევნები
TI: ზუგდიდის 94-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
ზუგდიდის 94-ე საარჩევნო უბანზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" საჩივარი დაწერა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა ყუთში კონვერტები ჩაყარა, რაც ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაინახა.

“პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები”, -აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

94-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხათუნა ჯგერენაიამ რადიო “ათინათს” უთხრა, რომ დარღვევა არ ყოფილა, რადგან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, რომელიც ხმას ამ უბანზე აძლევს, ყუთში მხოლოდ თავისი ბიულეტენი ჩააგდო.

“ნამდვილად შეეშალათ, არავითარი რამდენიმე კონვერტი ან ბიულეტები არ ჩაუგდია არავის”, - თქვა ჯგერენაიამ.

alt
Print