არჩევნები
ზუგდიდის #94 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდა
ზუგდიდის #67 საოლქო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ #94 უბანზე დაწერილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაცია აღნიშნულ უნაზე საბოლოო შედეგების გაბათილებას ითხოვდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დამკვირვებლის, ნინო გვილიას მტკიცებით, ზედამხედველმა საარჩევნო უბანზე ზედმეტი კონვერტები ჩაყარა. როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მასზე ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზეწოლა.



"ელისო ფიფია, რომლმაც ყუთში ბიულეტენები ჩაყარა დროებით ასრულებდა ყუთის ზედამხედველობას. როდესაც ეს დავინახე და კომისიის თავმჯდომარეს ავუხსენი, მითხრა, რომ არ ღირდა ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა. გარდა ამისა, ჩემს მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა", - აღნიშნა მან.

alt

სხდომაზე ბიგვავას ბრალდებებს  ხმაური მოჰყვა.  საოლქო კომისიის წევრებმა მას ჰკითხეს, თუ ვინ უდასტურებდა ამ ფაქტს, რაზეც "სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა" დავით აქუბარდიამ უპასუხა. მისი განმარტებით, დამკვირვებლის მიერ საჩივრის დაწერის შემდეგ ბიგვავას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მიუხედავდ ზემოაღნიშნულისა, კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, "გამჭვირვალობის" საჩივარი ფაქტების არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა.


alt
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას თქმით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან უბნის გაბათილების საფუძველი არსებობდა.

"არასწორი გადაწყვეტილება მიიღო საუბნო კომისიამ, რადგან ფაქტი დააფიქსირა ჩვენმა დამკვირვებელმა, რაც მოხდა რეალურად. დამკვირვებელმა ნახა, როგორ ჩაყარა ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კონვერტები საარჩევნო ყუთში. რაც ჩვენი შეფასებით არის საფუძველი იმისა, რომ გაბათილდეს შემაჯამებელი ოქმი, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო სხვა გადაწყვეტილება. ჩვენს დამკვირვებელს მთელი დღის მანძილზე უწევდა ზეწოლის ქვეშ მუშაობა. ისე მოხდა დღესაც, მის მიმართ ისმოდა არა კორექტული გამონათქვამები. იმ კითხვებს, რაც ჩვენს წარმომადგენელს ჰქონდა არცერთს პასუხი არ გასცა კომისიის თავმჯდომარემ და ის ცდილობდა სხვა თემებზე გადაეტანა საუბარი"

რაც შეეხება #94 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს ხათუნა ჯგერენაიას. ის უარყოფს ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრას და ამბობს, რომ დღის განმავლობაში ხელიდან ხელში კექსის რეცეპტი გადადიოდა, რომელიც მისვე მტკიცებით ბოლოს ყუთთან მოხვდა.

alt

"ელოდნენ, რომ იქ იყო ზედმეტი ბიულეტენი ჩაყრილი და ბალანსი არ დაჯდებოდა და უბანი გაბათილდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა. ეს რეცეპტი ხელიდან ხელში გადადიოდა მთელი დღის განმავლობაში და ბოლოს ყუთთან ხდებოდა განხილვა თუ როგორ ხდებოდა ამ რეცეპტის მიხედვით კექსის დამზადება . თავისუფალ დროს როდესაც ამომრჩეველი არ არის რატომ არ შეიძლება განვიხილოთ კერძო თემები",- თქვა ხათუნა ჯგერენაიამ 

კომისიამ დღეს სულ ცხრა საჩივარი განიხილა. აქედან ხუთი დაკმაყოფილა, ორი - ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა.


ამავე თემაზე: 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს

TI: ზუგდიდის 94-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს




Print