არჩევნები
83-ე უბანზე გადასატან ყუთში 19-დან 18-მა ამომრჩეველმა 41 ამოხაზა
ზუგდიდში, 83-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთი საოლქო კომისიის სხდომაზე, საჩივრების განხილვის დროს გახსნეს. აღმოჩნდა, რომ გადასატან ყუთში მოთავსებულ ბიულეტენებში 19-დან 18-მა ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ნომერი ამოხაზა, ერთმა კი გაერთიანებული ოპოზიციის. ეს ის უბანია, სადაც საიამ და "სამართლიანმა არჩევნებმა" საჩივარი სწორედ გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაწერეს. საუბარია დარღვევაზე, რომლის თანახმადაც, სამაგიდო სიაში ერთ-ერთი ამომრჩევლის გვერდით მითითებული არ იყო, რომ მასთან გადასატანი ყუთი უნდა მიეტანათ. საბოლოოდ, აღნიშნულმა ამომრჩეველმა ხმა ორჯერ - უბანზე და სახლში მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაციები კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, საოლქოს გადაწყვეტილებით, შენიშვნა კომისიის თავმჯდომარემ მიიღო.

ამავე სხდომაზე კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 82-ე უბნის გადასატანი ყუთის შედეგები, სულ 27 ხმა გაბათილდა. ეს სწორედ ის უბანია, სადაც ხმა სანდრა რულოვსმა მისცა. გადასატანი ყუთის ბათილობის საფუძველი ის გახდა, რომ გადასატან ყუთსა და უბანზე განთავსებულ ყუთში საკონტროლო ფურცელი იდენტური არ იყო.


Print