ახალი ამბები
ვენესუელასა და ნიკარაგუაში "აფხაზეთის ელჩები" სანდინისტების რევოლუციის 43-ე წლისთავის ზეიმს დაესწრნენ
ვენესუელასა და ნიკარაგუაში "აფხაზეთის ელჩებმა" ზაურ გვაჯავამ და ინარ ლადარიამ მონაწილეობა მიიღეს სანდინისტების რევოლუციის გამარჯვების 43 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამავე ცნობით, გვაჯავა და ლადარია, ვენესუელაში ნიკარაგუას საელჩოს მოწვევით ჩავიდნენ. ცერემონია ქალაქ კარაკასში, ეროვნულ პანთეონში გაიმართა. რევოლუციის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებსა და სტუმრებს ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგა საავედრამ და ვიცე პრეზიდენტმა როსარიო მურილიომ მიმართეს.

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.

მიმდინარე წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".


Print