ახალი ამბები
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საარჩევნოდ აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო კომისიაში განაცხადთან ერთად, საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენაც მოუწევთ. აღნიშნული არ მოეთხოვებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

გარდა ამისა, მცირდება აკრედიტაციისთვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით. საარჩევნო კომისიის მდივანი კი აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან ორი დღის ვადაში.

საარჩევნო კანონმდელობაში ცვლილება შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებსაც. პრეზიდენტობის კანდიდატს, არჩევნების მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, საკუთარი კანდიდატურის მოხსნა არ შეეძლება. ამასთან, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები გაიმართება, თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილე ყველა კანდიდატი კანდიდატურას მოხსნის ან თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და ის პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.



Print