ახალი ამბები
ორი დანგრეული და 20 დაზიანებული სახლი - ჭუბერში ზარალის დათვლა გრძელდება
ჭუბერში 5 ივლისს დაწყებულმა სტიქიამ 2 საცხოვრებელი სახლი და 4 დამხმარე ნაგებობა დაანგრია, ხოლო 21 სახლი მნიშვნელოვნად ან ნაწილობრივ დაზიანდა,  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა.  მისი ინფორმაციით, წაღებულია, დაახლოებით, 1 ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სახნავ-სათესი სავარგულები.

„მიუხედავად იმისა, რომ ზარალი თითქმის დათვლილია, ჯერჯერობით, ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, რადგან ველოდებით ექსპერტების დასკვნებს. მათ უნდა გვითხრან, არსებობს თუ არა მსგავსი სტიქიის გამეორების საფრთხე, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, რამდენად შეიძლება საპრევენციო ღონისძიებების შემდეგ ამ სახლების აღდგენა ან სხვაგან გადატანა. თუ ექსპერტები გვეტყვიან კონკრეტულ ადგილზე, შეიძლება ცხოვრება, ზარალის ოდენობაც შეიცვლება“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოვარდნილმა მდინარემ შინაური პირუტყვი  წაიღო, არასწორია.

„თვითონ მეპატრონეებსაც ეგონათ, რომ საქონელი დაიხოცა, თუმცა, ეს ასე არ არის. ამ პერიოდში პირუტყვი მთის საძოვრებზე მიდის“,-ამბობს ის.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ჟორჟოლიანი კონკრეტულ თარიღს ვერ  ასახელებს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორად მოქმედება და არა სისწრაფე“, - თქვა მერმა.

5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ამ დროისთვის მდინარეში წყლის დონე დაკლებულია. ადგილზე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა. სტიქიის პირველი დღიდან ჭუბერში იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, რომლებიც საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობენ.


ამავე თემაზე:

ჭუბერში სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა
Print