ახალი ამბები
"აქ დაელოდე რიგს" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მომსახურების სექტორს, აფთიაქებს და ბანკებს
ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურების სექტორს ბანკებს, აფთიაქებს და სავაჭრო ობიექტებს სთხოვს, ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით "აქ დაელოდე რიგს" ან "მოიცადეთ აქ! დაიცავით დისტანცია").

გარდა ამისა, დამსაქმებელმა უნდა შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას.

დააწესოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე; სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი რესპირატორით;

მომსახურების სექტორისთვის განკუთვნილ რეკომენდაციები შემდეგია:

"პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს:

70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე -ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

ამ დროისათვის, 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


Print