ახალი ამბები
ციხელაშვილი: ხელისუფლება მზადაა დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.  ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე აფხაზეთის რეგიონში არის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკები, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა უკონტროლო შემოდინება ფსოუს მონაკვეთიდან, გადაადგილებები და ხალხმრავალი თავყრილობები, რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა.

"იცით, რომ პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვესტუმრე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, რამდენიმე დღეში ინტენსიურ რეჟიმში მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვა იმისთვის, რომ იყოს მზაობა მოემსახუროს პაციენტებს, როგორც ზუგდიდიდან ისე საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან, აფხაზეთიდან... რა თქმა უნდა ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების დაცვა, პირადი ჰიგიენიდან დაწყებული , სოციალური დისტანცირებით დასრულებული. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ქმედითი ზომა პრევენციისთვის.

რაც შეეხება უკვე დიაგნოსტიკას და მართვას, აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა, ამაზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ასევე ადგილზე გარკვეული ღონისძიებების გატარებისთვისაც ჩვენი პარტნიორების მეშვეობით.  აფხაზეთის რეგიონიდან გადმოყვანილია ერთი 50 წლამდე ქალბატონი, სოფელ საბერიოდან, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ცხელება და აქვს მოგზაურობის ისტორია რუსეთის ფედერაციაში. ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი, თუმცა ამ ქალბატონს ჩაუტარდა ტესტირება და საღამოსათვის გვეცოდინება არის დადებითი თუ უარყოფითი პასუხი კორონავირუსზე, რის შემდეგადაც უკვე მივიღებთ დამატებით ზომებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, თუმცა ცხელება გრძელდება, იმყოფება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, მდგომარეობა უფრო რთულია, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვრისა და ხელისუფლება ცდილობს პარტნიორების მეშვეობით, გადადგას ნაბიჯები მოსახლეობას მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად და გარკვეული ღონისძიებები გაატაროს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

Print