ახალი ამბები
ოპერატიული შტაბი: აფხაზეთში 3 აპრილის მონაცემებით კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
სოხუმში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში 3 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, წერს „აფსადგილ ინფო“. მათივე ცნობით, დღე - ღამის განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა 9 ადამიანს, თუმცა მათ Covid – 19 არ დაუდგინდა.

„ამავე პერიოდში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოს 5 - მა მოქალაქემ მიმართა, თუმცა მათ მწვავე რესპირატორული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს მედიკოსებმა. არც ერთი პაციენტი არ მიუღია გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოსაც“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 - მდე ზარი შევიდა.

გამოცემის ცნობით, ოპერატიული შტაბი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული წესები და სახლიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 11 ადამიანს, რომელსაც ზუგდიდის ინფექციურში საბერიოდან გადაყვანილ ქალთან ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.


ამავე თემაზე:

სოხუმი: ზუგდიდის ინფექციურში საბერიოდან გადაყვანილი ქალის არც ერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ოჩამჩირისა და გალის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა



Print