ახალი ამბები
დარჩელში წირვა ეკლესიის ეზოში მოწყობილი ფანჩატურის ქვეშ ჩატარდა
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვისას მრევლი და სტიქაროსნები გარეთ, სახელდახელოდ აგებულ ფანჩატურში იმყოფებოდნენ. ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა კონსტანტინე ხვიჩიამ წირვა-ლოცვა ეკლესიის შესასვლელთან აღასრულა. სასულიერო პირის თქმით, მათ ამით მედიკოსების რეკომენდაციები დაიცვეს და მომავალშიც ასე აპირებენ გაგრძელებას. მისივე ინფორმაციით, ეკლესიის გარეთ ჰქონდათ გატანილი, როგორც ხატები, ასევე სასანთლეები.

"მოსახლეობა დაგვეხმარა ამ ფანჩატურის გაკეთებაში. მრევლი უსაფრთხოდ იყო, დისტანციის დაცვით ვიდექით ერთმანეთთან. რაც შეეხება, ზიარებას, ეს საიდუმლო ერთი კოვზით სრულდება, როგორც ეს წესია. ჩვენ ხანდაზმულ მოსახლეობას მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ასევე მივმართავ მშობლებს ბავშვები არ ატარონ," - აღნიშნა მამა კოსტანტინე ხვიჩიამ. ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა. პატრიარქიის კურთხევაა, რომ "კომენდანტის საათის" გათვალისწინებით, ლოცვები დაიწყოს 16.00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის. ამასთან, აუცილებელია ტაძრებში 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა.


Print