ახალი ამბები
"აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატა" მოქალაქეებს მოუწოდებს აღდგომა სახლში იზეიმონ
"აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის" წევრები მოუწოდებენ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სახლებში დარჩნენ და იქ იზეიმონ, კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი კარანტინის წესების გათვალისწინებით, წერს ინტერნეტ გამოცემა "აიაირა".

ამავე ცნობით, 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა - ლოცვა მრევლის მონაწილეობით ჩატარდა. "საზოგადოებრივი პალატის" წევრებმა შეახსენეს მოსახლეობას, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილემ მართლმადიდებლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ტაძარში მოსვლისგან მისი განსაკუთრებული კურთხევის გარდა და სახლში ილოცონ, გამომდინარე კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო. გარდა ამისა, "პალატის" წევრებმა მაგალითად მოიყვანეს კიევის პეჩორის ლავრა, სადაც დროულად არ მიიღეს საკარანტინო ზომები და დღეისთვის, ამ ტაძრის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც კიევში ინფიცირებულთა რაოდენობის 1/6 - ს წარმოადგენს.

ისინი განმარტავენ, რომ აფხაზეთის პირობებში სავსებით შესაძლებელია სააღდგომო ლიტურგიის ონლაინ - ტრანსლირების ორგანიზება.
დღესდღეობით აფხაზეთის მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა- ლოცვა გრძელდება მრევლის მონაწილეობით.

"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" მეთაური ბესარიონ აპლია მორწმუნეებს მოუწოდებს იარონ ეკლესიაში და ეზიარონ. ამასთან ერთად, აღდგომის დღესასწაულებისთვის ტაძრებში, დეზინფექციის ჩატარება არ იგეგმება. თუმცა, აპლია არ არის წინააღმდეგი, რომ "ჯანდაცვის სამინისტრომ" გარკვეულ ზომები გაატაროს. ის იმასაც დასძენს, რომ ტაძარში მისვლა - არმისვლის საკითხი, თითოეული ადამიანი პირადი საქმეა.

ამავე დროს მოქალაქეების ჯგუფმა შეადგინა პეტიცია, რომელშიც რელიგიური ორგანიზაციებს მიმართავს თხოვნით, მოუწოდონ მრევლს, თავი შეიკავოს კოლექტიური თავშეყრის ადგილებში მოსვლისგან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid – 19 – ით ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 30 მარტს კი გალის რაიონში ამოქმედდა კომენდანტის საათი, მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.


Print