ახალი ამბები
რუსეთის შავის ზღვის ფლოტის სპეციალური ქვედანაყოფი აფხაზეთისკენ მიემართება დეზინფექციის ჩასატარებლად
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ქიმიური უსაფრთხოების (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვა) ქვედანაყოფის სპეცავტოტექნიკის კოლონა, ლოკალური დეზინფექციის ჩატარების მიზნით, აფხაზეთისკენ გაემართა. მათი დისლოკაციის ადგილად განსაზღვრულია რუსეთის ფედერაციის მე - 7 სამხედრო ბაზა, რომელიც გუდაუთაშია განთავსებული, წერს "აფსნიპრესი".

ამავე ცნობით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, აფხაზური მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნულ ტექნიკას გამოიყენებენ მოედნების, შენობების ფასადების და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექციისთვის.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 30 მარტს კი გალის რაიონში ამოქმედდა კომენდანტის საათი, მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.


Print