ახალი ამბები
ოფიციალურად დასაქმებული პირები, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს თვეში 200 ლარით დაეხმარება. მოქალაქეები თანხას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონისძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“,- განაცხადა გახარიამ.

ხოლო თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.


Print