ახალი ამბები
რუხის საავადმყოფომ პირველი პაცინეტები მიიღო
რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო და უკვე მიიღო ცხელებით შემოსული სამი პაციენტი. კლინიკა მზადაა, როგორც ცხელებით, ასევე Сovid-19-ით ინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად. ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს განაცხადა.

,,რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისათვის, ვართ წელში გამართული იმ მხრივ, რომ თუკი გვექნება შემთხვევები ვირუსის გავრცელების მივიღოთ, ვუმკურნალოთ როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ასევე რუხის კლინიკაში", - თქვა მან.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით რეკორდულად მცირე ვადებში აღიჭურვა და დაკომპლექტდება მაღალი დონის სპეციალისტებით.

"მათი 80%-85% წარმოადგენს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კადრებს და ეს გუნდი მზად არის, რომ დაიწყოს საქართველოში და კონკრეტულად, რუხში, იმ პაციენტების მიღება, ვინცაა საეჭვო სიმპტომებით და ადგილზე მოხდება მათი ტესტირება და კოვიდის დადასტურების შემთხვევაში ადგილზე გაივლიან მკურნალობს. პირველ ეტაპზე ანალიზებს აიღებენ ჩვენი თანამშრომლები და გადაგზავნილი იქნება ლაბორატორიაში, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური აპარატის ადგილზე ჩამოტანა და დამონტაჟება, რათა ადგილზე მოხდეს ე.წ. ,,პისიარ ტესტირება", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებას 78 პაციენტის მიღება შეუძლია. ამასთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ
16 აპრილს, კლინიკის გახსნისას აღნიშნა, რომ საბოლოოდ საავადმყოფო 220 პაციენტის მიღებას შეძლებს.

მანამდე, 28 მარტს, რუხის საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, რომ კლინიკა უახლოეს მომავალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებდა. გიორგი გახარიასთან ერთად რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოს ტერიტორია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დაათვალიერეს.
.

Print